მოძრაობის "შემახე ამნისტია" წევრები აქციებს რეგიონებში განაგრძობენ. საყოველთაო ამნისტიის აქტის გამოცემა აქტივისტებმა ამჯერად ქუთაისის მერიასთან მოითხოვეს.
მათი განცხადებით, აქციის მიზანია, რომ კამპანიამ სახალხო ხასიათი მიიღოს, რის შემდეგაც უკვე პარლამენტს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს წარუდგენენ და მისი დამტკიცების თხოვნით მიმართავენ.
მოძრაობის წევრებმა აქციები უკვე გამართეს ზუგდიდსა და ბათუმში. მომდევნო ღონისძიება უკვე დედაქალაქში იგეგმება.
"არ აქვთ პატიმრების ოჯახებს იმის საშუალება, რომ პატიმრები არჩინონ. "ქართული ოცნება" უკვე მე-9 წელია ხელისუფლებაშია და ამნისტია ამ დრომდე არასდროს გამოუცია. ამასობაში, ისინი სწორედ ამნისტიის და პატიმრების მეშვეობით მივიდნენ, როდესაც დიდი ამნისტია გამოსცეს და ბევრი ხმა მიიღეს. იმედი მაქვს, რომ ახლა საარჩევნოდ გამოსცემენ", - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.