logo
ENG



შემირცხვენია ხელისუფლება, რომელსაც ოპოზიცია ოკუპანტზე მეტად ეზიზღება - უგულავა

16 ივნ 202021:46
3 წუთის საკითხავი
 

„შემირცხვენია ხელისუფლება, რომელსაც ოპოზიცია ოკუპანტზე მეტად ეზიზღება", - ასე აფასებს მმართველი პარტიის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გიგი უგულავა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა განმარტა, რუსეთის არ ხსენება ოფიციალური პირების მხრიდან და ოპოზიციისადმი სიძულვილის ასე აფიშირება კატასტროფაა ქვეყნისთვის.

„პრობლემა ისაა, რომ ამ ხელისუფლებას რა გამოძიებაც დაუწყია, ვერასდროს ვერ გაცდა ნაც-ქოცურ დისკურსს. შემირცხვენია, გულისამრევია ხელისუფლება, რომელსაც ოპოზიცია უფრო ეზიზღება, ვიდრე პუტინი. კატასტროფაა. ყველა პარამეტრით უფრო საძულველები ვართ ჩვენ, ვიდრე ოკუპანტები, ვიდრე ქართველების მკვლელი. ამ სიძულვილიდან ამოდიან და ამას ვერ მალავენ ახლაც, როცა მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს", - აცხადებს გიგი უგულავა.

უგულავა, ასევე, აფასებს იმ მუხლს, რომლითაც არის გამოძიება დაწყებული - მისი განცხადებით, მსგავსი მუხლით აღძრული საქმე საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებას ვერ მიიქცევს. მისივე თქმით, იმაზე საუბარი, რომ რაღაც ძალებს აწყობთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, ანტისახელმწიფოებრივია.

„ოფიციალურ განცხადებაში კი წერია, რომ მკვლელობის დასაგეგმად იყო, მაგრამ ყალბი საბუთებისთვის ჰყავთ დაჭერილი და თუ ამის გამოძიებას მიჰყოფს ხელს პროკურატურა. ჩვენი პარტნიორები საბუთების გაყალბების საქმეში არ ჩაერევიან. თუ ეს ასე დარჩება, ეჭვი მაქვს, რომ შეგნებულად ქნეს - შეიძლება სხვა საქმით ჯერ ვერც აჰყავდათ. მაგრამ ეს სათუო ბრალდებაა. როცა საუბარია რუსეთის ხელისუფლებასა და კადიროვზე, მისი გაფართხალება მედიისა და სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშაა, რადგან ის არის მოარული პრობლემა მსოფლიოსთვის. ჩვენი ხელისუფლების რეაქცია, რომ ეს მიაწებოს ვის აწყობდა დესტაბილიზაცია, საფიქრებელია. 

როცა გიორგი სანაია მოკლეს, მაშინაც ხელისუფლებამ ლამის ოპოზიცია დაადანაშაულა. ახლა ქვეყანა დიდი პრობლემის წინაშე დგას. თუ მართლა კადიროვია გადაკიდებული გაბუნიაზე, გაცილებით დიდი პრობლემაა - ანუ სანამ პუტინის რეჟიმია, გაბუნია საფრთხეშია. თუ მართლა გაბუნიაზეა საქმე, იმასაც კი არ ეუბნებიან ჯერ, რომ ადექი და დაიცავი თავი", - ამბობს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 ივნისს სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ეთნიკურად ჩეჩენი პირი საქართველოში გიორგი გაბუნიას მკვლელობის ორგანიზებისთვის იყო ჩამოსული.


close დახურვა