ზუგდიდის სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია მოუწოდებს ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას, რომ დროებით, წინასაარჩევნოდ მორატორიუმი გამოცხადდეს სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლებაზე. მან, ასევე საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა ომბუდსმენის აპარატსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ამის შესახებ ბაჩანა შენგელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სადაც, ასევე, განმარტავს, რომ მორატორიუმის შემთხვევაში, აღარ იქნება დირექტორებით მანიპულაციის ბერკეტი წინასაარჩევნოდ.
"სიტუაცია არის შემდეგი: საჯარო სკოლების არჩეული დირექტორების უმრავლესობას თანამდებობაზე ყოფნის ვადა გასდის 2020 წელს. ამ წლის აპრილში იყო დანიშნული დირექტორების შესარჩევი კონკურსი, რომელიც პანდემიის მიზეზით გადაიდო. ნუ, ის რომ ეს კონკურსი დღემდე არ დაინიშნა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გაცილებით დიდი მასშტაბის ეროვნული გამოცდები ჩატარდა, ეს ცალკე პრობლემაა.
მივმართავ ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას, მოითხოვონ სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების მორატორიუმი
მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ არ მოხდეს წინასაარჩევნო სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ასევე პარტია ქართულ ოცნებას, მოითხოვონ საჯარო სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების საკითზე მორატორიუმის გამოცხადება.
აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მთავრობის დადგენილებით, რომლითაც ამ მომენტისთვის თანამდებობაზე მყოფ ყველა დირექტორს ვადა გაუგრძელდება პირობითად 2021 წლის 15 მარტამდე. ამ დროისთვის ჩავლილი იქნება საარჩევნო პერიპეტიები, დამტკიცებული იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობაც.
შესაბამისად, ფიზიკურად აღარ იქნება დირექტორებით მანიპულაციის ბერკეტი წინასაარჩევნოდ, რაც ვფიქრობ ხელისუფლებასაც უნდა აწყობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მოქმედ ხელისუფლებას და მმართველ პარტიას", - წერს ბაჩანა შენგელია.
13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მცხეთის 6 სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილების მიზეზი მათთვის უცნობია. როგორც სკოლის დირექტორები ამბობენ, მათ რესურსცენტრიდან ცნობა ვერ მიიღეს, სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი მათი გათავისუფლების შესახებ.
ასევე, 12 ოქტომბერს მცხეთის სოფელ ქსნის სკოლის დირექტორი, დოდო ჭოტორლიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ფორმულასთან საუბარში გათავისუფლებულმა დირექტორმა განაცხადა, რომ "არასასურველი დირექტორია", რადგან ის აგიტაციას არ ეწევა.
როგორც ფორმულამ გაარკვია, გათავისუფლების მიზეზი, სავარაუდოდ, მისი ქმარ-შვილის საქმიანობას უკავშირდება. ბექა ლელუაშვილი, ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანტიდატის, კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრია.
განათლების სამინისტრო გამორიცხავს პოლიტიკური ნიშნით ვინმეს გათავისუფლებას. მათივე განმარტებით, სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა.
"სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა არცერთი დირექტორის გათავისუფლება. ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში. შესაბამისად, სამინისტრო გამორიცხავს პოლიტიკური ნიშნით ვინმეს გათავისუფლებას", - აცხადებენ სამინისტროში.