ბაჩანა შენგელია თეა წულუკიანს მიმართავს და ურჩევს, რომ შეწყვიტოს მისი დევნა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო.
როგორც ბაჩანა შენგელიამ „ფორმულას“ ეთერში განმარტა, მისი დევნის წარმოების დავალება თეა წულუკიანს მაღალი ინსტანციისგან, სავარაუდოდ, პრემიერ მინისტრისგან აქვს მიღებული და ამ საქმის წარმოება პირდაპირ ნიშნავს ცენზურის დაწესებას.
„მინდა მივმართო თეა წულუკიანს - ვიცი, რომ ეს დავალება მიღებული გაქვთ მაღალი ინსტანციისგან, ალბათ პრემიერისგან. წელზე მეტი ხნის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროსგან არ მქონია დევნის მაგალითები. ეს არის დავალება. თქვენი მოადგილე მოვიდა სამძიმარზე და მე ჩავთვალე, რომ ეს თქვენც იყავით - მე ამას ძალიან ვაფასებდი. თქვენ არ განახორციელეთ პირადი ზეწოლა ჩემ მიმართ და ახლა ყველაფერს ხაზი გადაუსვით. არ ჩაიდინოთ ეს უმსგავსობა, რასაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ჰქვია. მე გადავიტანე მძიმე ტრაგედია - სამსახურის დაკარგვა იმ ტრაგედიასთან ახლოსაც ვერ მოვა, მაგრამ მე ამისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებ, ნუ ჩაიდენთ სისხლის სამართლის დანაშაულს, ნუ გახდებით დამნაშავე. როგორც ჩვენი უწყების ხელმძღვანელის გთხოვთ პირველად და ბოლოჯერ", - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა 18 ივნისს შეუჩერდა - ხოლო გუშინ, 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ სამართალწარმოება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო შეუჩერეს.