მოსკოვში, პიროგოვის სახელობის ეროვნული სამედიცინო და ქირურგიული ცენტრიდან პაციენტებისა და მედპერსონალის ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას სახელისუფლებო მედია რიანოვოსტი ცენტრის დირექტორზე, ოლეგ კარპოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თქმით, ადმინისტრაციამ მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შენობაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
კარპოვი ამბობს, რომ ადგილზე კინოლოგები მუშაობენ, ხოლო შენობაში მყოფი მოქალაქეები უსაფრთხო დისტანციაზე გაიყვანეს. სულ ცენტრიდან დაახლოებით 700 ადამიანი გამოიყვანეს.
სხვადასხვა მედია საშუალება წერდა, რომ ხსეებულ ცენტრში კროკუს სითი ჰოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებული მოქალაქეები მკურნალობდნენ, თუმცა ცენტრის დირექტორის თქმით, ისინი კლინიკის სხვა კორპუსში აგრძელებენ მკურნალობას. ევაკუაცია ცენტრის იმ ნაწილიდან განხორციელდა, რომელშიც მწოლიარე პაციენტები არ მკურნალობენ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც არიან მობილიზებული.
***
22 მარტს საღამოს საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა, შემდეგ აფეთქება მოხდა და ძლიერი ხანძარი დაიწყო. ხანძრის სალიკვიდიცაიო სამუშაობი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერაქტის შედეგად ბოლო მონაცემებით 133 ადამიანი დაიღუპა.
საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო. რუსული მედია გუშინ წერდა, რომ ტერაქტში მონაწილეებმა გაქცევა შეძლეს მანქანით. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორი ადამიანი დააკავეს.
ვინ დგას ტერაქტის უკან, რა მოტივივი ჰქონდათ თავდამსხმელებს - უცნობია.
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მედვედევის თქმით, თუ თავდასხმაში უკრაინელები არიან დამნაშავე, მათ რუსეთი "სათანადოდ გაუმკლავდება".
რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის დაზვერვა კი აცხადებს, რომ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაციაა.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობაზე "არაფერი მიუთითებს".