logo
ENG



შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია - გუმათში საპროტესტო აქცია გაიმართება

12 აპრ 202109:35
3 წუთის საკითხავი
 

რიონის ხეობაში, გუმათში საპროტესტო აქცია გაიმართება. 

აქცია თავდაპირველად თბილისში, მთავრობის ადმინისტაციის წინ დაიგეგმა, თუმცა, გუშინ, 11 აპრილს განვითარებული მოვლენების გამო გუმათში გადაინაცვლა. 

გუშინ შსს-მ სოფელ ნამახვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალა. მიზეზად უწყებამ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატება და უსაფრთხოება დაასახელა. 

აქტივისტებმა კარვები გუმათში გადაიტანეს და გზა გადაკეტეს. რიონის ხეობის მცველებმა ღამე გუმათში გაათენეს. გზა ამ დრომდე გადაკეტილია. 

გუშინ შსს-მ მათ გადაკეტილი გზის გასათავისუფლებლად 30 წუთი მისცა. თუმცა, ამ დროის გასვლის შემდეგ არაფერი მოუმოქმედებია. 

სოლიდარობის აქციის მონაწილეები აცხადებენ:

"მივმართავთ ყველას, ვინც ადევნებს თვალს იმ მძიმე და უსამართლო სურათს, რაც ახლა რიონის ხეობაში ხდება! 

მთავრობამ გუშინ დატრიალებული ტრაგედია გამოიყენა ინსტრუმენტად, რომ დაეშალა კარვების ბანაკი, სადაც 170 დღეა, ხალხი სახელმწიფოს ღირსებას მათ მაგივრად იცავს. როგორც ჩანს, ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს უსამართლო ნაბიჯი კი არ შეანელებს, არამედ გააძლიერებს წინააღმდეგობას. 

შსს იყენებს ბინძურ მეთოდებს და ცრუ მიზეზებს, თითქოს წყლის ადიდების საფრთხეა, მაშინ როცა ადგილობრივების თქმით, უშუალოდ კარვების ადგილზე არ არსებობს ეს საფრთხე ახლა; უდგამს ალკოჰოლით სავსე ჭიქებს კარვების დაშლისას მაგიდებზე გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ დაზაფრულ ხალხს, რომელსაც კარვების ტერიტორიაზე აკრძალული აქვს შინაგანაწესით ალკოჰოლის შეტანა.

მთავრობა ვერ გაიტანს ამ ბინძურ განზრახვას ხალხის წინააღმდეგ - ის ვერ შეაჩერებს ამ სამართლიან, სახალხო, ისტორიულ ბრძოლას! მოგიწოდებთ ყველას, ჩავიდეთ სოფელ გუმათში რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად და რიონის მცველებთან ერთად მოვითხოვოთ:

შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია!

ბრძოლას ვერ შეაჩერებთ!". - წერია განცხადებაში. 

აქციის მონაწილეები, ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებასთან ერთად, ითხოვენ: 

1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.

2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ."

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობაში მოქალაქეებს გადაადგილება შეზღუდული აქვთ. ჩაკეტილია სოფელი ნამახვანი, სადაც ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, პროტესტის მიუხედავად, 3 აპრილს განახლდა. 


close დახურვა