შვედეთის პრემიერმინისტრი მაგდალენა ანდერსონი აცხადებს, რომ შვედეთი NATO-ში მის წევრობაზე თურქეთის პოზიციის შესახებ ქვეყანასთან დიალოგს გააგრძელებს.
„მე მოუთმენლად ველი თურქეთთან კონსტრუქციულ დიალოგს ახლო მომავალში.
ჩვენი პასუხებს თურქეთის მოთხოვნებსა და ასევე კითხვებზე პირდაპირ თურქეთთან მივიტანთ და ასევე გავარკვევთ ყველა იმ პრობლემასა და გაუგებრობას რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს“ - განაცხადა ანდერსონმა.
ფინეთმა და შვედეთმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე NATO-ს წევრობის განაცხადი მაისში გააკეთეს.
იმისთვის, რომ ქვეყნები ალიანსში მიიღონ საჭიროა 30-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა. თურქეთის პრეზიდენტმა ნორდიკული ქვეყნების ნაბიჯის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ქვეყნები "ტერორისტულ ჯგუფებს მფარველობენ" და თურქეთისთვის შეიარაღების ექსპორტი შეწყვიტეს.
შეგახსენებთ, რომ 29 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებთან დიალოგი „არ იყო მოსალოდნელი დონის“ და ანკარა არ მიესალმება „ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების“ NATO-ში შესვლას.
„მანამ სანამ თაიფ ერდოღანი თურქეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელია, ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია ვუთხრათ "დიახ" იმ ქვეყნების NATO-ში შესვლას, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს.
ისინი არ არიან გულახდილები ან გულწრფელები. ჩვენ ვერ გავიმეორებთ შეცდომას, რომელიც წარსულში დავუშვით NATO-ს, უსაფრთხოების ორგანიზაციის, იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, ვინც მიესალმება და კვებავს ასეთ ტერორისტებს“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
27 მაისს გამოცემა კი Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ და შვედეთისა და ფინეთის დელეგაციებმა მიმდინარე კვირაში ნორდიკული ქვეყნების NATO-ს წევრობის შესახებ გამართული შეხვედრებით მცირე პროგრესს მიაღწიეს.
მედია თურქეთის ხელისუფლებიდან 2 წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ დროისთვის უცნობია როდის გაიმართება დამატებითი დისკუსიები.