ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი შილდის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ვერტმფრენი ჩაერთო.
ხანძრის ტერიტორიაზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად მუშაობს მძიმე ტექნიკა, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის ძალები. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სოფელ შილდაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება და ხანძრის ქრობის პროცესში შესაბამისი სამსახურები არიან ჩართული. ასევე მიმდინარეობს, შემთხვევის ადგილამდე გზის მიყვანის სამუშაოები.
„24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სოფელ შილდის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის კერებამდე მოხერხდა წყლის მიყვანა, ასევე მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს გზების გაჭრა. ხანძრის ქრობით სამუშაოებში მეხანძრე მაშველებთან ერთად ჩართულია ეროვნული გვარდია, ასევე სასაზღვრო პოლიციის ავიაცია და ყველა შესაბამისი სამსახური“ - აცხადებს სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი.