logo
ENG



შიმშილობის 21-ე დღე - შუქრუთელების პროტესტი თბილისში
31 მაი 202120:55
2184

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 105 დღეა ყურადღებასა და საკუთრების უფლების დაცვას ითხოვენ. აქციაში მონაწილე შუქრუთელების ნაწილმა პირი ამოიკერა და ამ გზით მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას. მოშიმშილეთაგან 5 კაცია, 3 კი ქალი.

მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლება და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ინგრევა, ან უკვე დაინგრა. 

30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან დაბანაკდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ელჩ კელი დეგნანს მიმართავენ, დაეხმაროს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ხმის მიწვდენაში.

თბილისში აქციის პარალელურად, დღეს, 31 მაისს ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, სამხარაულის ბიუროს შეაფასებინოს შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალი და აუნაზღაუროს მოსახლეობას შესაბამისი თანხით.

"ადამიანური ცხოვრება მოგვენატრა" - თორნიკე ლაბაძე 25 წლის

თორნიკე 6-სულიან ოჯახში ცხოვრობს, ძმასთან, მცირეწლოვან დასთან, მშობლებთან და ბებიასთან ერთად. იგი ყვება, რომ ეზო, 2 სახლი და მარანი აქვს, რომელიც მიწაში ეფლობა. 

"ორი სახლი მაქვს, ეზო, ხეხილი. მალე აღარ მექნება, მინადგურდება, მარანი, ნახევრად მიწაშია ჩასული. კომპანიის ინტერესშია მხოლოდ მადნის მოპოვება, დროის გაწელვა.

ყველაფერს აკეთებენ, რათა ხალხს შეუზღუდონ გამოხატვის საშუალება. მე პირადად, კარავში დამიწერეს 2000-ლარიანი ჯარიმა კომენდანტის საათის დარღვევისთვის. დღესაც სასამართლოში მაქვს საქმე. ჩემს ძმას კომპანია ედავება საქმიანობის უკანონო ხელშეშლას, ვითომ აგიტაციას ეწეოდა და ორგანიზებას, რომ ხელი შეუშალეთ მაღაროს მუშაობასო. იყო მუქარები, მოსვენებაც დაკარგული გვაქვს. ელემენტარული, ადამიანური ცხოვრება მოგვენატრა.

კომპანია ყველანაირ გზას მიმართავს, რომ სოფელში პროტესტის გრძნობა მოკლას. ძალიან მცირე თანხებს სთავაზობენ, რაღაც თავიანთი აუდიტი ჰყავთ, მოვა, დაითვლის, მიზერულ ფასად შეაფასებს ყველაფერს.

კომპენსაცია უნდა იყოს კანონის შესაბამისი. მე რომ ჩემი ქონება მაქვს, მიწაც ზიანდება, სოფლის სიკეთეებით ვეღარ ვისარგებლებთ. სახელმწიფოსგან მოვითხოვთ, მოიყვანოს აუდიტი და შეაფასოს. არ ვენდობით კომპანიის აუდიტს. იტყუებიან, არ უნდათ, რომ ყველაფერი აღწერონ".

"სოფლის საყრდენს აღარ ტოვებენ" - გიორგი ნეფარიძე, 29 წლის

გიორგი ნეფარიძე ერთ-ერთია, რომელიც 21-ე დღეა პირამოკერილი შიმშილობს - როგორც თავად ამბობს, მამაპაპისეული სახლების, სასაფლაოს, ტაძრისა და სოფლის დასაცავად. შუქრუთში ასაკოვან მშობლებთან ერთად ცხოვრობს და იქ სახლის გარეშე, ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. 

"15 გვირაბი მუშაობს, სოფლის საყრდენს აღარ ტოვებენ. 4 მეტრის სიგრძეზე სიცარიელე რჩება, რამაც 2 წელიწადში შეუქცევადი პროცესები გამოიწვია. ეზოებში გაჩნდა ხრამები, ზოგი შუაზე გაიხლიჩა, ზოგი მთლიანად განადგურდა, ზოგი მიწაში ჩაეფლო. სახლებმა დაშლა დაიწყო. არანაირი აზრი არ აქვს ახალ მშენებლობას. მანამ, სანამ მშენებლობას ბოლომდე მიიყვან ხელიდან გეცლება ყველაფერი. 

თითოეული ჩვენგანისთვის რომ ეკითხათ, სანამ შემოვიდოდნენ ჩვენი სოფლის ქვეშ და ჩვენი საკუთრების ქვეშ, არცერთი ჩვენგანი არ დავთანხმდებოდით იმას, რომ მამაპაპისეული სახლები დაზიანებულიყო და საფლავები ჩავარდნილიყო. რამდენიმე მიცვალებულს გადასვენება მოუწია, დაზიანდა ტაძარი. 

უკვე 2 წელია ვიბრძვით იმისათვის, რომ კომპანიამ კანონის ფარგლებში აიღოს პასუხისმგებლობა და მოხდეს ქონების, სახლების, მიწის ნაკვეთის შეფასება, რათა შევძლოთ არსებობის გაგრძელება.

21-ე დღეა ვშიმშილობთ და მასმედიის გარდა არავინ მოსულა, ჩვენი ჯანმრთელობისა მდგომარეობაც არავის უკითხავს.

სამწუხაროდ, ჩვენი ხმა ვერავის მივაწვდინეთ და მე-20 დღეს გადავწყვიტეთ, ჩამოვსულიყავით აქ, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, აშშ-ს საელჩოსთან. ვხედავთ, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ქალბატონი კელი დეგნანის აზრს პატივს სცემენ, იზიარებენ მის მოსაზრებებს".

"კომპანიაა მთელი ჭიათურა, მეტი არაფერი"თამარ კუპატაძე, 34 წლის

თამარი ერთ-ერთია 3 ქალიდან, რომელსაც პირი აქვს ამოკერილი და თბილისში, აშშ-ს საელჩოს წინ, მზის გულზე პროტესტს გამოხატავს. იგი ამბობს, რომ მისი სახლი სოფელ შუქრუთში დანგრევის პირასაა, ეზოში კი უამრავი ბზარია. თამარი იქ დედასთან, ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. 

"ჩვენი გულისტკივილია, რომ ინგრევა ჩვენი სახლები, ეს კომპანია უკანონოდ ანგრევს ჩვენს საკუთრებას, არანაირ ყურადრებას არ გვაქცევს არც ჩვენ, არც ჩვენს მოსახლეობას, საერთოდ ირიდებენ პასუხისმგებლობას, გარდა იმისა, მოიპოვონ მადანი, დაგვტოვონ დანგრეულები, ღია ცის ქვეშ. 

ჩვენი მიზანია, რომ ხმა მივაწვდინოთ სრულიად საქართველოს, ელჩებს, ვისაც კი ჩვენს საქმეში რაიმე წვლილის შეტანა შეუძლია.

ჩვენ რომ რაიმე მოგვივიდეს, პასუხისმგებელი ხომ უნდა იყოს ვიღაც?! ხომ არსებობს ამ ქვეყანაში კანონი და თუ არსებობს, მაშინ სადაა? 21 დღეა ხალხი კვდება. 8 ადამიანი ვართ, ვისაც პირი გვაქვს ამოკერილი, 5 კაცი და 3 ქალი. 10 ოჯახი ვართ, ვინც ვაპროტესტებთ. ისე, 280 ოჯახია სულ, მაგრამ 10 გამოვხატავთ ჩვენს აზრს, რადგან არ გვეშინია.

ვისაც ეშინია, აქ ვერ დგება, თორე, განა, არ უნდა? ემუქრებიან, სიტყვიერი მუქარაა, ტელეფონებით მუქარაა, შეხვედრები, დაბარებები, გარჩევები.

გადმოხედონ მუნიციპალიტეტს და შეხედონ, კომპანიაა მთელი ჭიათურა, მეტი არაფერი. ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენთან არ არსებობს, კომპანიაა სასამართლოც, მილიციაც, ყველაფერი აბსოლუტურად. GM-ს დამონებული ჰყავს ხალხი". 

"გარეთ გამომიყვანა დიდმა უსამართლობამ" - ვერა კუპატაძე, 53 წლის

შუქრუთის კიდევ ერთი მაცხოვრებელი, ვერა კუპატაძე აცხადებს, რომ მის სახლს საძირკველი აღარ აქვს და მალე სხვა სახლების მსგავსად, ისიც დაზიანდება. 

"გარეთ გამომიყვანა დიდმა უსამართლობამ. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთ უსამართლობაში მოვექცეოდი. ჯერ ის, რომ კომპანიამ ასე გაგვინადგურა საკუთრება, მერე ასე ბინძურად გვექცევა და ბინძურ თამაშში უნდა, ჩაგვითრიოს.

ვითხოვდით ხელისუფლებისგან დახმარებას, მაგრამ ვხედავთ, ხელისუფლებამაც არ ჩაგვთვალა, ალბათ  ადამიანებად და ჩვენი თხოვნა, ჩვენი მუდარა არ მიიღო ყურამდე, რომ რაღაცით დაგვხმარებოდა.

ახლა ერთადერთ იმედად დაგვრჩენია, აქ მოვსულიყავით ამერიკის საელჩოსთან. ვითხოვთ მისგან, იქნებ ხელისუფლების ყურამდე მიიტანონ ჩვენი გასაჭირი, არ ჩაგვთვალონ, რომ ჩვენ ვართ რადიკალური ჯგუფი, მართულები, რაღაც პარტიიდან… 

არ გვინდა შუამავლები, მოსულიყვნენ ჩვენამდე და ჩვენი გასაჭირი დაენახათ, რომ ვდგავართ ეს ალალი ხალხი, პატიოსანი მშრომელი  ხალხი, რომ არ ვართ არც ყაჩაღები, არც ქურდები, ვდგავართ ჩვენი ოჯახების დასაცავად".

"თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე და კერძო საკუთრება საფრთხის ქვეშაა" - სერგო მოდებაძე, 37 წლის

შუქრუთელი სერგო მოდებაძე სოფლად ცოლთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. კომპანიის სამუშაოების შედეგად მისი სახლი "შუაზე გადაიხსნა" და ალტერნატიულ საცხოვრისში გადასვლა მოუწია. 

"სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს, ვერ გავაგონეთ ჩვენი ხმა ვერც ადგილობრივ და ვერც ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე და კერძო საკუთრება საფრთხის ქვეშაა.

სხვა გზა აღარ გვქონდა დარჩენილი, გარდა იმისა, რომ ჩამოვსულიყავით აქ და დახმარება გვეთხოვა ამერიკის ელჩისთვის, ქალბატონი კელი დეგნანისთვის. ვხედავთ, თუ როგორი გავლენა აქვს ქალბატონ ელჩს იგივე საქართველოს მთავრობის მიმართ.

ზოგიერთი სახლი მთლაინად დანგრეულია, ზოგი შუაზეა გახსნილი, არის სახლები, რომლებიც მთლიანად დაბზარულია და კაცმა არ იცის, როდის ჩამოშლება.

აქ წარმოდგენილი ხალხის უმრავლესობა ჩემნაირ დღეშია. ნაწილში ცხოვრება შეუძლებელია, მეორე ნაწილი აუცილებლად დაზიანდება უმოკლეს ხანში, ვინაიდან მადნის მოპოვების სამუშაოები კანონის, ან რეგულაციების ფარგლებში არაა მოქცეული.

თითოეული ჩვენგანის სავარგულების ქვეშ არიან შესულები. დღესაც, მადნის მოპოვების აქტიური მუშაობა მიმდინარეობს". 

 

ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები მიმდინარე პროცესებს 3 თვეზე მეტია, აპროტესტებენ. შუქრუთელებმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართეს.

 

close დახურვა