შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომის მიმდინარეობისას გორის რაიონის სოფელ შინდისში ქართველი ჯარისკაცები უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ რუსულ ბატალიონთან. ბრძოლა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ქართველმა ჯარისკაცებმა რუსებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.
ამ დღეს ბრძოლაში ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დაღუპულ გმირებს დღეს ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები მიაგებენ პატივს.
15 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.