logo
ENG



შმიგალი: რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში გზების 25 000 კმ-ზე მეტი და ასობით ხიდი განადგურდა

28 მაი 202220:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/28/sj22c6r49ugo9jt.jpg

უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის თქმით, რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ უკრაინაში გზების 25 000 კმ-ზე მეტი, რამდენიმე ასეული ხიდი და 12 აეროპორტი განადგურდა. ამის შესახებ შმიგალმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

გარდა ამისა, შმიგალი აცხადებს რომ ქვეყნის მიწის 300 000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი დანაღმული ან ბომბებისგან დაბინძურებულია.

უკრაინის პრემიერის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე 100-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება, 500-ზე მეტი სამედიცინო ცენტრი და 200 საწარმო განადგურდა ან დაზიანდა.

შმიგალი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უკრაინის ეკონომიკის 35% არ ფუნქციონირებს, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 30-დან 50%-მდე კი დაიკარგა. პრემიერის თქმით, ბიუჯეტის თვიური დეფიციტი 5 მილიარდი დოლარია.

სხვადასხვა გამოთვლების მიხედვით, უკრაინის ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკაზე პირდაპირი ზიანი 600 მილიარდამდე დოლარს შეადგენს.

შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ 50 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო მყისიერი რეკონსტრუქციისთვის იქ, სადაც ეს შესაძლებელია.

შემდეგი ნაბიჯი კი პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტების აღდგენა იქნება, როგორიცაა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და ხიდებისა და გზების რეკონსტრუქცია.

მესამე ეტაპზე, შმიგალის თქმით, ქვეყნის ხელახალი აღმშენებლობა იგეგმება, რაც რუსეთისთვის ჩამორთმეული ქონებითაც უნდა დაფინანსდეს, რადგან ნგრევა სწორედ მან მოუტანა უკრაინას.

„მესამე ეტაპი კი ჩვენი ქვეყნის დიდი ხელახალი აღმშენებლობა იქნება. ჩვენ მხოლოდ აგურებისა და ბეტონის აღდგენა არ გვსურს. ჩვენ ახალი სახელმწიფოს აშენება გვინდა.

ჩვენ გვჯერა რომ აგრესორმა უნდა აანაზღაუროს ის ნგრევა, რაც მან მოიტანა. ეს მკაფიო უნდა იყოს რუსული გაყინული ქონების ხარჯზე - უნდა ჩამოერთვათ და უკრაინას გადაეცეს ჩვენი სახელმწიფოს ერთობლივი აღდგენისთვის", - განაცხადა უკრაინის პრემიერმინისტრმა.


close დახურვა