logo
ENG



შმიჰალი: უკრაინის აღდგენის გეგმას 750 მილიარდი დოლარი დაჭირდება

04 ივლ 202219:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/04/m352sdx180j2s8p.jpg
(Fabrice Coffrini/AFP/Getty Images)

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა შვეიცარიაში, ლუგანოში "უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე" გამოსვლისას ფინანსური დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნის აღდგენის გეგმა დაახლოებით 750 მილიარდი დოლარი დაჯდება. შმიჰალმა განაცხადა, რომ ჩამორთმეული რუსული აქტივები დაფინანსების მთავარი წყარო უნდა იყოს.

"ვინ უნდა გადაიხადოს აღდგენის გეგმა, რომელიც უკვე 750 მილიარდ დოლარად არის შეფასებული? მიგვაჩნია, რომ აღდგენის მთავარი წყარო რუსეთისა და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივები უნდა იყოს. რუსეთის ხელისუფლებამ ეს სისხლიანი ომი გააჩაღა. მათ გამოიწვიეს ეს მასიური ნგრევა და მათ პასუხი უნდა აგონ მასზე". - განაცხადა შმიჰალმა.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთის გაყინული აქტივები, სხვადასხვა შეფასებით, 300-დან 500 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

უკრაინის პრემიერმინისტრის გაცხადებით, აღდგენის გეგმის დაფინანსების სხვა წყაროები უნდა მოიცავდეს გრანტებს და შეღავათიან სესხებს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნებიდან, კერძო სექტორის, კერძო პირებისა და კორპორაციების ინვესტიციებს.

დენის შმიჰალის თქმით უკრაინის ინფრასტრუქტურული ზარალი 100 მილიარდ დოლარზე მეტია.

"1200-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება, 200-ზე მეტი საავადმყოფო, ათასობით კილომეტრიანი გაზსადენი, წყლისა და ელექტროენერგიის ქსელი, გზები და რკინიგზა განადგურდა ან დაზიანდა". - თქვა შმიჰალმა.

კონფერენციაზე, ასევე სიტყვით გამოვიდა უკრიანის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით,  უკრაინის აღდგენა დემოკრატიული სამყაროს "საერთო ამოცანაა". 


close დახურვა