logo
ENG



შოთა ბურჯანაძე: ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით ბიზნესის ლიკვიდირება ხდება

26 იან 202119:45
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/26/9ou0hjh2mrvczfw.jpg

"რესტორატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ბიზნესის ლიკვიდირება ხდება. ეს განცხადება ბურჯანაძემ ეპიდემიოლოგებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ 1-ლი თებერვლიდან სამთო სათხილამურო კურორტები მუშაობას ვერ განაახლებენ.

ბურჯანაძის თქმით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მოლებმა მილიონი ადამიანის მიღება შეძლეს და ამ გამოცდილებიდან შეიძლებოდა ეპიდემიის ეფექტურად მართვის სწავლა. 

"ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით ბიზნესის ლიკვიდირება ხდება. ისინი სპეკულირებენ ადამიანების სიცოცხლით. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მილიონი ადამიანი გატარდა მოლებში. ეს გამოცდილება მივიღეთ თუ როგორ შეიძლება პანდემიის მართვა", - აცხადებს ბურჯანაძე. 

ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები შეხვედრის დაწყებამდე აცხადებდნენ, რომ ითხოვდნენ რეგულაციების დაცვით მხოლოდ დაწესებულებების ნაწილის გახსნას. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ იჯარის გადასახადის გადახდა ძალიან უჭირთ. გარდა ამისა, მათი თქმით, სასაიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ზამთრის კურორტების გახსნა.

ამასთან, მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგად რამდენიმე თვეა უმუშევრად არიან დარჩენილები. მოქალაქეები ითხოვენ ტრანსპორტის და სკოლების, ასევე ტურიზმის გახსნას, კომენდანტის საათის მოხსნას. 

22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება. 

სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა