logo
ENG



შოთა ღვინერიას მოსაზრება, რატომ არის კარტოგრაფების საქმე აბსურდული

12 ოქტ 202000:19
3 წუთის საკითხავი
 
შოთა ღვინერიას მოსაზრება, რატომ არის კარტოგრაფების საქმე აბსურდული

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი შოთა ღვინერია კარტოგრაფების საქმეს აბსურდულს უწოდებს და წერს, რა იქნება ამ საქმის შედეგი.

"რატომ არის ეს საქმე აბსურდული?

1. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის შესახებ შეთანხმება მოხდება მაშინ, როცა შეთანხმდება მისი ყველა მონაკვეთი. ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის. შესაბამისად, არავის არავისთვის არაფერი გადაუცია. ამ დროს ორი ექსპერტი ციხეში ზის აზერბაიჯანისთვის მიწების გადაცემის გამო;

2. მიწები გადაცემულიც რომ იყოს, ეს საქმე მაინც აბსურდული იქნებოდა, რადგანაც ილიჩოვას და მელაშვილს მიწების დათმობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნდათ. შესაბამისად, ძალიანაც რომ მოენდომებინათ, ვერავის მიწებს ვერ გადასცემდნენ. მათ შეეძლოთ მხოლოდ საექსპერტო დასკვნის მომზადება. დასკვნის მომზადებიდან ტერიტორიების გადაცემამდე უამრავი ეტაპია. შეიძლება ყველა პროცედურა 100% სიზუსტით ვერ აღვწერო (მზად ვარ მივიღო შენიშვნები), მაგრამ საერთო სურათი ასეთია: საექსპერტო დასკვნას განიხილავს კომისია. კომისიის ფარგლებში შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში დასკვნას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, ამ ხელმოწერას ამტკიცებს საგარეო საქმეთა მინისტრი და უგზავნის პრემიერს. პრემიერი კომისიის დასკვნას განიხილავს მთავრობის სხდომაზე და ამის შემდეგ უგზავნის პრეზიდენტს. პრეზიდენტი ხელს აწერს და უბრუნებს პრემიერს. ამის შემდეგ პრემიერი პრეზიდენტის მიერ დამოწმებულ პოზიციას უგზავნის პარლამენტს დასამტკიცებლად. პარლამენტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ისევ უბრუნდება პრემიერს, რომელიც ავალებს საგარეოს რომ ამ შეჯერებული სახემწიფო პოზიციით იხელმძღვანელოს აზერბაიჯანულ მხარესთან. ეს პროცესი იმიტომ არის ამგვარად მოწყობილი რომ ვერცერთმა ცალკე აღებულმა ადამიანმა (მითუმეტეს ექსპერტმა) ვერ შეძლოს სახელმწიფოს ტერიტორიების გადაცემაზე ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღება;

3. არ არსებობს მოტივი და ბრალდების მხარე ვერ ამბობს რაში აწყობდათ ექსპერტებს ტერიტორიების გადაცემა;

4. რუკა დამალეო ედავებიან, როცა კომისიის ყველა წევრს ნანახი აქვს და არსებობს ოქმი სადაც წერია, რომ იმ რუკის განხილვა მოხდა კომისიის სხდომაზე. კომისიამ რუკა აზერბაიჯანულ მხარესთან წარდგენისთვის უვარგისად მიიჩნია;

რა იქნება ამ აბსურდული საქმის შედეგი?

1. განადგურებული ადამიანები და მათი ოჯახები;

2. დათრგუნული და დაშინებული პროფესიონალი საჯარო მოხელეები, რომლებიც იძულებული არიან ქვეყნის ნაცვლად პარტიის სამსახურში იყვნენ;

3. დანგრეული საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც გაუნოლდა წონა და გავლენა როგორც ინსტიტუციას (დიდი დარტყმა ქართული დიპლომატიისთვის);

4. საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ(ებ)თან ურთიერთობების დაძაბვა და სანდო პარტნიორის იმიჯის დაკარგვა;

5. საზღვრის შეთანხმების პროცესის გაწელვა, გართულება და ჩიხში შესვლა", - წერს ღვინერია.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

გამოძიება ამბობს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დავით გარეჯთან საზღვრის დადგენის პროცესში არ გამოიყენეს სათანადო რუკები, რის გამოც კომპლექსის ნაწილი სხვა ქვეყანას [აზერბაიჯანს] მიეკუთვნა, რაც საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია. კარტოგრაფები კი აცხადებენ, რომ ის რუკა, რომლის გამოყენებასაც პროკურატურა ითხოვს, არაზუსტია და დაახლოებით 200-300 მეტრიან ცდომილებას იძლევა, შესაბამისად, მას მოლაპარაკების პროცესში ვერ გამოიყენებდნენ.

თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები".


close დახურვა