გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე არ გამორიცხავს, რომ 14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენი მიდგომა თითოეული ბრალდებულის მიმართ უმკაცრესი იქნება. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა და ვუთხრა ყველა მსხვერპლს, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, პროკურატურა მათ გვერდზეა. ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მოგვმართონ და ჩვენ უსწრაფეს რეაგირებას მოვახდენთ. ამ საკითხზე გამოძიება გრძელდება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს", - განაცხადა შოთაძემ.
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.
გარდა ამისა, დააკავეს აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.
მოგვიანებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს.