რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია უკვე დასრულებულია და უკრაინაში უკვე 82 000 მობილიზებული ჯარისკაცი გაგზავნეს. შოიგუმ ეს ინფორმაცია ვლადიმერ პუტინს უკვე მიაწოდა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული რია ნოვოსტი ავრცელებს.
როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია. მისივე თქმით, 218 000 მობილიზებული ამ დროისთვის პოლიგონებზე სამხედრო წვრთნებს გადის. შოიგუ ამბობს, რომ უკრაინაში გაგზავნილი 82 000 მობილიზებულიდან 41 000 უკვე სამხედრო მოქმედებებშია ჩართული.
პუტინს ნაწილობრივი მობილიზაციის შეწყვეტის შესახებ ბრძანებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.
"მობილიზაციის ფარგლებში, მოქალაქეების გაგზავნა დღეს დავასრულეთ. მოქალაქეების ინფორმირებაც დასრულებულია. თქვენ მიერ დასახული მიზანი 300 000 ადამიანის მობილიზაციის შესახებ მიღწეულია. დამატებითი ამოცანები არ იგეგმება", - მიმართა შოიგუმ პუტინს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 14 ოქტომბერს პუტინმა თქვა, რომ რუსეთში მობილიზაცია ორ კვირაში, ოქტომბრის ბოლოსკენ დასრულდება.