logo
ENG



შოლცი: უკრაინის საზღვრების ურღვეობა არაა მოლაპარაკების საკითხი

15 თებ 202219:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/15/z5ovb38lr8zcrun.jpg
kremlin.ru

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრების შესახებ მოლაპარაკებები არ განიხილება. ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს

გერმანიის კანცლერი, სავარაუდოდ, გამოეხმაურა რუსეთის დუმის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად გამოცხადების ინიციატივას. მან აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვრების ურღვეობა ვერ იქნება მოლაპარაკების საგანი და იმედოვნებს, რომ ევროპაში ომის თავიდან აცილება დიპლომატიის გზით მოხდება.  

„უკრაინის საზღვრების ურღვეობა არაა მოლაპარაკების საკითხი. დიალოგი ვერ დასრულდება ისეთი ჩიხით, რაც ყველასთვის კატასტროფა იქნება. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიის გზა ავირჩიოთ, რათა ევროპაში ომი თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

შოლცმა ახლო მომავალში დაძაბულობის განეიტრალების იმედი გამოთქვა, რისთვისაც, მისი აზრით, ღია დილოგია საჭირო.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზება საფრთხედ აღიქმება. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა სამხედროების გაყვანა დაიწყო, რაც, მისი აზრით, პოზიტიური სიგნალია. შოლცი იმედოვნებს, რომ უფრო და უფრო მეტი სამხედრო დატოვებს უკრაინის საზღვარს.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნებაში რუსეთს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„ევროპელებისთვის ნათელია, რომ ხანგრძლივი უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ რუსეთთან ერთადაა შესაძლებელი და არა მის წინააღმდეგ“ -  მედიასთან განაცხადა შოლცმ.

ამავე შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთს ევროპაში ომი არ სურს.

მან აღნიშნა, რომ გერმანია რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და ბერლინთან თანამშრომლობას აპირებს. პუტინმა ხაზი გაუსვა 2 ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობასაც, ვინაიდან გერმანია ჩინეთის შემდეგ რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს NATO-სა და უკრაინაზე. პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინას ალიანსში შესვლის უფლება აქვს, თუმცა ეს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. 

„ქვეყნებს აქვთ უფლება შეუერთდნენ სამხედრო გაერთიანებებს, როგორც ამას ჩვენი კოლეგები NATO-ში მუდმივად აღნიშნავენ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია რომ ერთი ქვეყნის უსაფრთხოების შენარჩუნება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.


close დახურვა