logo
ENG



შს მინისტრი უნდა გადადგეს - ბათუმში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, აქცია გაიმართა

18 დეკ 201912:52
3 წუთის საკითხავი
 
y4ehtttzhh8gd6m.jpg

თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა. მემედ აბაშიძის გამზირზე, ტელევიზიის წინ, მოქალაქეებმა დაღუპულის ოჯახს მდუმარე სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეებმა სანთლებით გარდაცვლილი მოზარდის სახელი დაწერეს, გზაზე კი დატოვეს წარწერა - "ამ ცხოვრების დედაც".

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა დამნაავეების დასჯა და იმ სისტემის დამსხვრევაა, რომელმაც 15 წლის მოზარდი იმსხვერპლა.

„იმ ზეწოლის გამო, რომელიც მოხდა არასრულწლოვანზე, აუცილებლად უნდა დაისაჯოს მოქმედი პირები და შს მინისტრმა უნდა დატოვოს თანამდებობა. ჩვენ არ ვამბობთ, ვინმეს ლინჩის წესით გასამართლებაზე, მაგრამ, როცა ბავშვი გამოდის პოლიციის შენობიდან და იკლავს თავს, ე.ი. რაღაც კარგად არ არის, რაღაც ყარს დანიის სამეფოში“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

  


close დახურვა