შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის 2011 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული ი.ა. დააკავა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ი.ა., ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის, 2011 წლის 25 ოქტომბერს დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ის პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.
"გამოძიებით დადგენილია, რომ ი.ა.-მ და მისმა თანამზრახველებმა 2011 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული მრავლობითი გასროლის შედეგად, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენეს 1988 წელს დაბადებულ ზ.ტ.-ს და მიიმალნენ. დაჭრილი ზ.ტ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა", - წერია განცხადებაში.