logo
ENG



შსს-მ ფეხბურთის ფედერაციის მიმართ მუქარის შემცველ გზავნილებზე გამოძიება დაიწყო

02 ოქტ 202215:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/02/k8j5i2m7fdziig4.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისოდ ძებნილი ნოდარ ნიშნიანიძის მხრიდან ფედერაციისადმი მუქარის შემცველი აუდიოჩანაწერის შესახებ საქმეზე გამოძიება დაიწყო, რომელიც შაბათის ფორმულამ გაასაჯაროვა. 

შსს-ის თქმით გამოძიება ერთ-ერთი მედიასაშუალების იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყეს, სადაც საუბარი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველ შინაარსის გზავნილებზე.

შსს-ის ცნობით, წარსულში ნასამართლევი პირის ნ.ნ- ს მიერ, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

 

შაბათის ფორმულამ მოიპოვა აუდიოჩანაწერი, რომელშიც საერთაშორისოდ ძებნილი ნოდარ ნიშნიანიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრება. წყაროს ცნობით, მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები ნაკრების წევრებმა და ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო.

შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებული ჩანაწერის მიხედვით, სადაც ნიშნიანიძე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ესაუბრება, ნიშნიანიძე გაბრაზებულია იმის გამო, რომ ბოლო მატჩზე, როდესაც საქართველომ მაკედონიას 2:0 მოუგო ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა ვაკო ყაზაიშვილი, საქართველოს ნაკრების შემტევი და ულსან ჰიუნდაის ნახევარმცველი.

ნიშნიანიძე ყაზაიშვილის ცოლის ძმაა და უკვე წლებია ქართული ოცნების ხელისუფლებასთანა დაპირისპირებული, რადგან მისივე მტკიცებით, მას გამოძიებამ ჯერ კიდევ 2015 წელს იარაღი ჩაუდო.

მუქარის შემცველ შეტყობინებაში ისმის, ნოდარ ნიშნიანიძე ეჭვობს, რომ ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ,  სწორედ ნიშნიაძესთან ნათესაური კავშირის გამო ვერ მოხვდა. ის საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ეუბნება, რომ ნათესავი ფეხბურთელის არასამართლიანად დასჯის გამო პასუხს ყველას მოსთხოვს.

შაბათის ფორმულას ცნობით, მუქარის შესახებ იცის გუნდის კაპიტანმა გურამ კაშაიამ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. ნოდარ ნიშნიანიძე სწორედ ფედერაციის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს იმაში, რომ ვაკო ყაზაიშვილს უსამართლოდ ჩაგრავენ.

შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ ჩანაწერებს ვაკო ყაზაიშვილი Facebook-ზე სტატუსით გამოეხმაურა. ყაზაიშვილმა ფეხბურთის ქომაგებსა და საქართველოს მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა.

ფეხბურთელი ამბობს, რომ ნიშნიანიძის საუბრის ჩანაწერი თავად ყველაზე ბოლომ მოისმინა და მისი შინაარსი მისთვის "მძიმე და მიუღებელია".


close დახურვა