logo
ENG



შაბათის ფორმულა: წითელი ცირკულარით ძებნილი ნიშნიანიძე ფეხბურთის ნაკრების წევრებს ემუქრება

01 ოქტ 202220:16
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ მოიპოვა აუდიოჩანაწერი, რომელშიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრებიან.  წყარო ჰყვება რა ხდება ფეხბურთის ფედერაციაში და რისი ეშინიათ ფეხბურთელებს. მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები ნაკრების წევრებმა და ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო.

წყაროს ინფორმაციით, მუქარის ავტორია ნოდარ ნიშნიანიძე - 32 წლის კაცს, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. შეტყობინების შინაარსის მიხედვით, ნიშნიანიძე ფედერაციას თამაშის წესებსა და გუნდის ძირითად შემადგენლობას უდგენს. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ნიშნიანიძე გაბრაზებულია იმის გამო, რომ ბოლო მატჩზე, როდესაც საქართველომ მაკედონიას 2:0 მოუგო ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა ვაკო ყაზაიშვილი, საქართველოს ნაკრების შემტევი და ულსან ჰიუნდაის ნახევარმცველი. ნიშნიანიძე ყაზაიშვილის ცოლის ძმაა და უკვე წლებია ქართული ოცნების ხელისუფლებასთანა დაპირისპირებული, რადგან მისივე მტკიცებით, მას გამოძიებამ ჯერ კიდევ 2015 წელს იარაღი ჩაუდო.

მუქარის შემცველ შეტყობინებაში ისმის, ნოდარ ნიშნიანიძის გაბრაზების მიზეზი. ის ეჭვობს, რომ ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ,  სწორედ ნიშნიაძესთან ნათესაური კავშირის გამო ვერ მოხვდა. ზარის ავტორი ადრესატს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ეუბნება, რომ არასამართლიანად ნათესავი ფეხბურთელის დასჯის გამო პასუხს ყველას მოსთხოვს. ფეხბურთელებსა და ფედერაციას რომ ემუქრებიან იცის გუნდის კაპიტანმა გურამ კაშაიამაც. საქმის კურსშია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. ნოდარ ნიშნიანიძე სწორედ ფედერაციის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს იმაში, რომ ვაკო ყაზაიშვილს უსამართლოდ ჩაგრავენ.

ჩანაწერში ნიშნიანიძე ფეხბურთის ფედერაციას ეუბნება, რომ პასუხს ყველას მოსთხოვს - ევროპაში ჩასვლის შემთხვევაში ყველას იპოვიან ის და ლაშა სიხარულიძე, მეტსახელად სუხო ნაკრებს "გაანახევრებენ". ნოდარ ნიშნიანიძესთან ერთად წითელი ცირკულარით ეძებენ ლაშა სიხარულიძესაც. უკრაინის ძალოვანი უწყება მათ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის ირაკლი მალანიას მკვლელობისთვის ეძებს.

შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ ჩანაწერებს ვაკო ყაზაიშვილიც გამოეხმაურა და Facebook-ზე სტატუსი დაწერა:

"პირველ რიგში ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია. ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს, ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში. პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში. ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი. ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომის და ფეხბურთის სიყვარულის გარდა. ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის. ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება", - წერს ფეხბურთელი.

 


close დახურვა