logo
ENG



შსს-ს მტკიცებით, დააკავეს ნარკორეალიზატორი, ვინც ლექსო ლაშქარავას ჰეროინი მიჰყიდა

18 ივლ 202120:32
3 წუთის საკითხავი
 
შსს-ს მტკიცებით, დააკავეს ნარკორეალიზატორი, ვინც ლექსო ლაშქარავას ჰეროინი მიჰყიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მათ დააკავეს ნარკორეალიზატორი, ვინც 10 ივლისს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ჰეროინი მიჰყიდა.

უწყებაში ამბობენ, რომ 17 ივლისს დააკავეს.

„ბრალდებული უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და 2021 წლის 10 ივლისს, ფონიჭალაში, სწორედ მან გაასაღა ტვ პირველის ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავაზე და მის თანმხლებ პირებზე, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

* * * 

5 ივლისს ღირსების მარში იყო დაგეგმილი, თუმცა რუსთაველის გამზირი დილიდან დაიკავეს მოძალადე ჰომოფობებმა, რის გამოც თბილისი პრაიდმა მარში გააუქმა. საპატრიარქოსა და მოძალადე ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე. სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები განსაკუთრებული სისასტიკით 5 ივლისს, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.

11 ივლისს ლაშქარავა დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზას მისი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი საცხოვებელი სახლიდან ტომრით გაიტაცეს

შსს ლაშქარავას გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს და არაფერს ამბობს იმაზე, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, პოლიციამ კი ტელეოპერატორი არ დაიცვა. 12 ივლისს უწყებაში განაცხადეს, რომ "ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკით ზედოზირება გახდა".

შსს-ში ერთერთ ბრიფინგზე იმ ნივთიერებების ჩამონათვალი გაასაჯაროვა, რომლებიც უწყევის მტკიცებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით ლაშქარავას ცხედარში აღმოაჩინეს. ეს ნივთიერებებია: მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიდროკარაბინოლიგაბაპენტინი და მონოაცეტილმორფინი

აღსანიშნავია, რომ სანამ შსს ნარკოტიკებით ზედოზირების საკითხს წამოწევდა, ეს ვერსია პრორუსულ, შავრაზმულ, პროსახელისუფლებო მედიაში გარდაცვალების დღიდან ვრცელდებოდა.

მაგალითად, მარშალპრესით გავრცელდა ვინმე იოსებ ხიმშიაშვილის განცხადება, რომელსაც mpn.ge პოლიტიკოსად მოიხსენიებს და რომელიც ამბობს:

"გარდაცვლილი ლაშქარავა იყო ნარკომანი, რაც იცის ყველამ, მათ შორის მისმა მეგობრებმა იყო მეტადონის პროგრამის მონაწილე სულ არ იქნება გასაკვირი, რომ ის იყოს გარდაცვლილი "პერედოზით". 

იმავე შინაარსის კომენტარებს წერდნენ სხვადასხვა გვერდზე პროსახელისუფლო განწყობების მქონე ადამიანები და ტროლ-ანგარიშები. 

ტვ პირველის საგამოძიებო რეპორტაჟის თანახმად, ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერები, სავარაუდოდ ერთი დღის არ არის, ხოლო კადრებში დაფიქსირებული პირი (მოწმე), სხვადასხვა ადამიანია. 

ამავე რეპორტაჟის მიხედვით, შსს-მ ლაშქარავას საქმეზე 11 ვიდეო გამოაქვეყნა, თუმცა არცერთ მათგანს თარიღი არ ჰქონია. ჩნდება კითხვა, ნამდვილად 10 ივლისით თარიღდება თუ არა კადრები, რომელიც გომელაურის უწყებამ მეორე დღესვე გაასაჯაროვა. 

აღსანიშნავია, რომ სათვალთვალო კამერა ჩვეულებრივ შემთხვევაში თარიღსა და დროს ზუსტად აღრიცხავს. ამას ადასტურებენ ვიდეოკადრების გამცემი პირები, რომლებიც ამბობენ, რომ ყველა ვიდეოს თარიღი ჰქონდა. 


close დახურვა