შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტექნიკა, რომელიც თბილისის საკრებულოში იყო, მოძრავი რეპიტერია, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს. უწყებაში ამბობენ, რომ ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობისთვის.
"აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ აქციაზე საკრებულოში სიგნალის ჩამხშობი აპარატურა იდგა. ენმ-ს კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, დადასტურებულად იციან, რომ ერთ-ერთი მოწყობილობა ინტერნეტის სიგნალს ახშობდა აქციაზე.
მრვალათასიანი აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამ მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ასობით მოქალაქე ჩამოვიდა.
მთელი დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციისთვის თბილისისკენ მომავალ კოლონებს, ხელს უშლიდა ქართული ოცნების პარტიული აქტივი, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ავტომობილებს ცოცხებს ესროდნენ.
სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მე-14 დღეა, შიმშილობს. პირადი ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამძიმებულია.
მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს.
3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ".