შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებასთან გამართულ აქციაზე 10 პირი დააკავეს.
როგორც ფორმულას შსს-ში უთხრეს, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
აქციის მონაწილეები გიორგი მუმლაძის სისხლის სამართლის წესით დაკავებას აპროტესტებდნენ და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
მუმლაძე ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე დღეს, 14 აპრილს დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.