შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული, აქედან 27 ნარკორეალიზატორია.
გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ. დამდებები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე დადების მეთოდით ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ნარკოტიკების საზღვარზე უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც ქვეყანაში სხეულით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათი ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“ „ალფა პვპ“, „სუბოტექსი“ „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „ლსდ“, „მეფედრონი“, „ამფეტამინი“, „ექსტაზი“, „ჰაშიში“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.
ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.