შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ 5 ივლისის საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ზურაბ მახარაძესა და მღვდელ სპირიდონ ცქიფურიშვილს ბრალდება წარუდგინონ.
დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ომბუდსმენის მიმართვა აღნიშნული პირების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, "მხოლოდ საჯარო ჩანაწერებს და განცხადებებს ეყრდნობა".
"მე რაც გავეცანი სახალხო დამცველის განცხადებას, ის ეყრდნობა მხოლოდ საჯარო განცხადებებს და საჯარო ჩანაწერებს, სისხლის სამართლის მასალებზე მას წვდომა არ ჰქონია. შესაბამისად, პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, რომ თუკი არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ წაუყენოს კონკრეტულ პირს ბრალი, ბუნებრივია, მოხდება ბრალის წაყენება და შესაბამისი პროცედურების განხორციელება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე, არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ პირების მიმართ ბრალის წაყენება მოხდეს", - ამბობს დარახველიძე.
დღეს, 6 სექტემბერს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პროკურატურას მიმართა, რომ 5 ივლისის საქმეზე ზურაბ მახარაძისა და მღვდელ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ დაიწყოს სისხლისამართლებრივი დევნა.
ომბუდსმენი ამბობს, რომ ბრალის წარდგენის სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.
***
5 ივლისს თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის 30-მდე პირია დაკავებული, თუმცა არცერთი ორგანიზატორი.
ალტ-ინფოს პლატფორმიდან ვრცელდება ქსენოფობიური, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილები.
5 ივლისის ღირსების მარშის ჩაშლისთვის, წამყვანები და სტუმრები ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.
აქციაზე მყოფი პირები ქალაქში დარბოდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და გამვლელებს, ვინც გარეგნულად არ მოეწონებოდათ. ისინი შეიჭრნენ შენობაში, სადაც მოძრაობა სირცხვილიას ოფისი მდებარეობს და დაარბიეს ორგანიზაცია თბილისი პრაიდის ოფისიც.
სირცხვილიას ოფისთან ხალხის მობილიზება კონსტანტინე მორგოშიამ დაიწყო. მან რუსთაველზე შეკრებილებს მიმართა, რომ 500-600 კაცი გამოყოფილიყო, რომლებიც ინგოროყვას ქუჩაზე მივიდოდნენ. სწორედ სირცხვილიას ოფისთან დაესხნენ თავს TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტს, მირანდა ბაღათურიას. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა. ოპერატორი 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილზე დირექტივების ერთ-ერთი გამცემი იყო ზურა მახარაძეც. პარლამენტის წინ კარვების აყრისკენ ხალხს სწორედ ის მოუწოდებდა.
მღვდელი სპირიდონ ცქიფურიშვილი კი რუსთაველის გამზირზე მყოფ მოძალადე, ჰომოფობიურ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდა.
"არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ - იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!" - ამბობდა ის.
რაც შეეხებათ მამა-შვილ ფალავანდიშვილებს, ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში და ხალხსაც დარბევისკენ მოუწოდებდნენ. გურამ ფალავანდიშვილი არაერთხელ დამუქრებია ჟურნალისტებსაც.