პოლიციამ კახეთში არასრულწლოვანი გოგოსთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი - 2001 წელს დაბადებული რ.ქ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს.
ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა.
გამოძიება არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.