შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ანგარებით ჩადენილი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, არასრულწლოვანი კი ამხილეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა შექმნა ერთ-ერთი ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი - ე.წ. ფიშერული გვერდი, რომელიც ბმულის სახით გაავრცელა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე. იგი ინტერნეტმომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობდა. მოქალაქეები ტყუვდებოდნენ და ფიშერულ გვერდზე, შესაბამის ველში შეჰყავდათ საკუთარი ინტერნეტბანკის პირადი მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ცნობილი ხდებოდა მისთვის. აღნიშნული მონაცემების საშუალებით, არასრულწლოვანი მოტყუებული მოქალაქეების ანგარიშებზე არსებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა, რის შემდეგაც ფულს თანამზრახველების საბანკო ანგარიშებზე, ასევე, ციფრული ვალუტის ანგარიშებზე რიცხავდა.
მათი ინფორმაციით, არასრულწლოვნის თანამზრახველმა აღნიშნულ დანაშაულში სხვა 2 პირს გარკვეული სარგებლის დაპირების სანაცვლოდ, ე.წ. ელექტრონული საფულეები დაარეგისტრირებინა, საიდანაც შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფარულად დაუფლებული თანხები გაანაღდეს. უწყების ცნობით, ბრალდებულები 8 მოქალაქის საბანკო ანგარიშებიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, ჯამში, 72 500 ლარს. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ანგარებით ჩადენილ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით, ასევე, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
