დღეს ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყება აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი, ხოლო დაშავებული ადამიანებიდან 2 მათგანი უწყების თანამშრომელია.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილითაა დაწყებული, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ, ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები და სხვა შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
ასევე ადგილზე მუშაობენ, სხვადასხვა დარგის ექსპერტები-მათ შორის, სახანძრო და ფეთქებადსაშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერექსპერტი.
აფეთქების მიზეზების დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილთაგან 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" თანამშრომელია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს", - წერია უწყების განცხადებაში.