შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება, ხოლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. კორპუსის ჩამონგრევის მიზეზებში უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.
კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.