შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 863 ფაქტი გამოვლინდა.
უწყების განმარტებით, პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) მუხლის შესაბამისად 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 784 პირი დაჯარიმდა.
ცნობისთვის, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის, გახანგრძლივდა გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი), დიდ ქალაქებში დაიკეტა სავაჭრო ობიექტები და გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ნახეთ ყველა შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.
