შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია პირი, რომელსაც ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევა. იგი არის 1998 წელს დაბადებული ლ.შ., რომელიც წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ფეისბუქზე შექმნა გვერდი, რომლის საშუალებითაც მას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდა, თითქოს დაბალპროცენტიან სწრაფ სესხებს გასცემდა.
შსს-ს ცნობით, დაინტერესებული მოქალაქეები აღნიშნულ გვერდზე საკუთარ საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს აგზავნიდნენ, რომლებიც რეალურად ლ. შ.-ს პირად გვერდზე იგზავნებოდა. მონაცემების მიღების შემდეგ, ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან ტოტალიზატორის ანგარიშზე სხვადასხვა თანხას ირიცხავდა, შემდეგ კი პლასტიკური ბარათით ანაღდებდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია 14 დაზარალებული, მათთვის მიყენებული ზარალი კი 3 930 ლარს შეადგენს.
პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.