შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით გურიასა და აჭარაში ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ამ დრომდე გარე სამყაროს გურიის რამდენიმე სოფელია მოწყვეტილი.
მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი ადამიანის ძებნა, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია. ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან.
ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.
სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.
სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება.", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.