logo
ENG



შსს: დავაკავეთ 4 პირი, რომლებიც ტურისტებს რესტორანში შეუსაბამოდ დიდ თანხას ახდევინებდნენ

14 თებ 202412:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/14/85jmvm1siojhwar.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების მიხედვით, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომლებთან ერთად, თაღლითური სქემა ჰქონდა შემუშავებული.

კერძოდ, შსს-ს ცნობით, ისინი პრომო გოგონების მეშვეობით, ერთ-ერთი აპლიკაციით უკავშირდებოდნენ საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ მამაკაცებს, რომლებსაც წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ. ამის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ.

"იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მიერ დასახელებულ თანხას არ გადაიხდიდნენ, მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და ფულს ამ გზით ეუფლებოდნენ", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა