შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს არასრულწლოვნის ბიძა და ბაბუა, რომლებიც მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა - დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ", - აცხადებენ უწყებაში.
მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.