შსს-ის განცხადებით, პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან იდგა, პინ კოდებს იმახსოვრებდა და მოქალაქეების თანხებს ისაკუთრებდა.
კერძოდ, დაკავებულია 1987 წელს დაბადებული შ.ს. მას ბრალად ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ედება. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შ.ს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სიახლოვეს დგებოდა, აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული პლასტიკური ბარათის პინ-კოდებს.
შემდეგ კი გახსნილ მდგომარეობაში დარჩენილი ჩარიცხვის გვერდის გამოყენებით მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან თანხებს საკუთარ ონლაინ კაზინოს და ტოტალიზატორის ანგარიშებზე რიცხავდა, ფულს კი სპეციალური "ზერო" ბარათის გამოყენებით ანაღდებდა.
შ.ს.-ს დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულ 14 მოქალაქეს 5 227 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.
გამოძიება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით.