logo
ENG



შსს: დავაკავეთ ორი პირი, რომლებმაც პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

17 სექ 202012:10
3 წუთის საკითხავი
 
შსს: დავაკავეთ ორი პირი, რომლებმაც პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში დააკავეს ორი პირი, რომლებმაც პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველებმა პატრულირებისას რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე ახალგაზრდა შენიშნეს, რომლებიც ჩხუბობდნენ. მათი ცნობით, პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი, მათ შორის ბ.ბ. და ნ.უ. არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჰაერში გაფრთხილების მიზნით ისროლა.

შსს-ს ინფორმაციით, ბ.ბ. და ნ.უ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით სამართალდამცველები აგრძელებენ ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა