შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
"სამართალდამცველებმა ა.ა. ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" გადაჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი". ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.