logo
ENG



შსს: დავიცავთ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ თავშეყრის ადგილებზე

02 ივლ 202213:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/02/umlywk8kj25g2f8.jpg
ფოტო: მარიამ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიცია მობილიზებულია პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებსა და "საპროტესტო აქციებთან" დაკავშირებით. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას". - აცხადებს უწყება. 

დღეს, 2 ივლისს, ერთ-ერთ იზოლირებულ სივრცეში დაგეგმილია თბილისი პრაიდის კვირეულის დახურული, დასკვნითი ღონისძიება, პარალელურად კი პარლამენტის წინ ჰომოფობიური, ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი ეწინააღმდეგებიან თბილისი პრაიდის დახურული ღონისძიების ჩატარებას, ასევე, ითხოვენ 2 ივლისის ღამით დაკავებული მოძალადე ლიდერების გათავისუფლებას. ადგილზე პოლიცია მობილიზებულია. 

შსს აცხადებს, რომ "პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები"

უწყების ცნობით, პოლიცია "თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავს".

უწყება მედიას მოუწოდებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, იმუშაონ უწყების კომუნიკაციების დეპარტამენტთან კოორდინაციით და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება". - აცხადებს შსს. 


close დახურვა