logo
ENG



შსს: ვერტმფრენები ყოველი აფრენის წინ მოწმდება, ბორტზე მყოფები პროფესიონალები იყვნენ

01 აგვ 202212:16
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის კატასტროფას და აცხადებს, რომ სასაზღვრო პოლიციის ყველა ვერტმფრენი "რეგლამენტირებული, გამართული და განახლებულია"

შსს ამბობს, რომ ბორტზე მყოფი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები პროფესიონალები იყვნენ. ამასთან, ვერტმფრენები ყოველი აფრენის წინ მოწმდება. 

"ბორტზე მყოფი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები: პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ვიცე- პოლკოვნიკი ლევან ჩოხელი, მაიორი დიმიტრი ქააძე და ლეიტენანტი ანდრო ქუჯოშვილი თავისი საქმის მაღალი დონის პროფესიონალები იყვნენ. ბორტს მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საფრენოსნო მომზადების დარგში, პოლკოვნიკი ზაზა ლორია, რომელიც 1992 წლიდან გახლდათ მფრინავი და წლების განმავლობაში მეთაურობდა შვეულმფრენების ესკადრილიას.

პოლკოვნიკი ზაზა ლორიას ხელმძღვანელობით, წლების განმავლობაში, განხორციელებულა ბევრი, რთული სამაშველო ოპერაცია და მას უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ბაზაზე ვერტმფრენის ყოველი აფრენის დროს დეტალურად ხდება ვერტმფრენის შემოწმება და დაუშვებელია, რომ ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენი პილოტებმა დაძრან და მართონ.

აღსანიშნავია, რომ 2019 – 2022 წლებში სასაზღვრო პოლიციის ავია პარკი სრულად განახლდა, რაც გულისხმობს, რომ ყველა ვერტმფრენი რეგლამენტირებული, გამართული და განახლებულია.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს კანონმდებლობის წესების სრული დაცვით, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესებისა და საავიაციო ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს შესაბამისად, შეიძინა შვეულმფრენების 2 კუდა ხრახნის კომპლექტი სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული 2 მი-8 მტვ - 1 ტიპის ვერტმფრენისთვის.

ორივე ვერტმფრენზე ძველი კუდა-ხრახნები ჩანაცვლდა ახლებით, საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესების საფუძველზე და ამ წესების სრული დაცვით". - აცხადებს შსს. 

უწყება ასევე ეხმაურება სუპერ პუმების საკითხს, რომლებიც, 2 ერთეული წინა ხელისუფლებამ 2011 წელს შეისყიდა, თუმცა, ისინი სამაშველო ოპერაციებისთვის არ გამოიყენება. მოქმედი ხელისუფლების განცხადებით, ამის მიზეზი ის არ არის, რომ მათ არ აქვთ სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობა.  

"სუპერ პუმის გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში (ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად). განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ერთ ერთი სუპერ პუმა, რომელიც სპეციალური შეკვეთით, მაღალი კლასის სალონითა და დიზაინითაა დამზადებული და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადაადგილების მიზნით გამოიყენებოდა.

ვერტმფრენი მი – 8 გამოიყენება ძებნა - გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენს აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა.

ასევე, მედიაში გაჟღერებული ფაქტი, რომ სუპერ პუმა კახეთის რეგიონშია ჩარჩენილი, არ შეესაბამება სინამდვილეს. სუპერ პუმა ამოყვანილია ლაგოდეხის დასაცავი მონაკვეთიდან და დასაწყობებულია ავიაციის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ბაზაზე.

ერთმნიშვნელოვნად გვინდა აღვნიშნოთ, რომ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციაში მუშაობენ საუკეთესო, მაღალი დონის პროფესიონალი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიან სპეციალურ გადამზადებას.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუდაურის ტრაგედიასთან დაკავშირებით, მყისიერად დაიწყო გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275–ე მუხლით მიმდინარეობს". - აცხადებს შსს. 

ფორმულას ინფორმაციით, 2019 წელს 90 მილიონად შეფასებული სუპერ პუმა, რომელიც ართანა-ლაფანყურის მთებში 2018 წლის 12 ივლისს ჩამოვარდა, ჯერ კიდევ ხევში იყო და ჟანგდებოდა

გარდა ამისა, სტუდია მონიტორის 2015 წლის გამოძიების თანახმად, 2014 წლიდან, სუპერ პუმას სამი ვერტმფრენი ექსპლუატაციისთვის ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ავიაკომპანიას - ავიასერვისს გადასცეს. 2015 წლის 13 ივნისისის სტიქიის ღამეს, სამაშველო სამუშაოებისთვის ვერტმფრენები ვერ გამოიყენეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მაშინ განაცხადა, რომვერტმფრენები ეკონომიკის სამინისტროშია გაჩერებული და მას ვერ გამოიყენებდენ. თუმცა, ავიასერვისის დირექტორმა, ალეკო ტყემალაძემ დაადასტურა, რომ ვერტმფრენები ექსპლუატაციისთვის მზადყოფნაში იყო.

29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. 

ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. რაც შეეხებათ პარაპლანისტებს, ერთ გადარჩა, ხოლო მეორე - უცხოელი ტურისტი დაიღუპა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

დაღუპულები არიან: 

  • ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია;
  • ეკიპაჟის წევრები - დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი;
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები: ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი;
  • მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა.

მათი სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.

შსს-ის ცნობით, პანაშვიდის შემდეგ მათ სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.


close დახურვა