logo
ENG



შსს: ზუგდიდში შეიარაღებული კაცი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა, საპასუხო სროლისას ის დაიღუპა

26 თებ 202117:56
3 წუთის საკითხავი
 
შსს: ზუგდიდში შეიარაღებული კაცი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა, საპასუხო სროლისას ის დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე.

"შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო. გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები", - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას შსს-ს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 


close დახურვა