logo
ENG



შსს: თბილისში ორი ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

31 აგვ 202010:18
3 წუთის საკითხავი
 
შსს: თბილისში ორი ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, გასაღებისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საფოსტო გზავნილით შეძენა და ე.წ "დადების მეთოდით" გასაღება დაგეგმეს.

"დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, საფოსტო გზავნილი ჩამოვიდა საქართველოში. ამანათში მოთავსებული იყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფხვიერი მასა, რომელიც ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება.

წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ნარკოტიკული საშუალების "დადების" ორგანიზების მიზნით დაკავებულები ერთმანეთს შეხვდნენ, რა დროსაც ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს", - აცხადებენ უწყებაში.

მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-260-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და გასაღების მომზადებას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



close დახურვა