logo
ENG



შსს: კვარაცხელიას საქმეზე პირი დავაკავეთ, ბრალდებულებს ღამე გაათევინა, მიმალვაშიც დაეხმარა

23 თებ 202220:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/23/clsgaycp0hl95l6.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთ პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებული მკვლელობაში ბრალდებულ ერთ-ერთი პირთან მეგობრობდა და დანაშაულის შესახებ იცოდა. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა მის მეგობარსა და საქმეზე მეორე ბრალდებულ პირს საკუთარ სახლში ღამე გაათევინა, მეორე დღეს კი მიმალვაში დაეხმარა, პოლიციას კი არ შეატყობინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაულის 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

22 წლის ნიკო კვარაცხელიას 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს. ის მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 7 ოქტომბერს დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 15 სექტემბერს კი ისინი ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას, აკო ჭელიძემ მისი მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კივილაძესთან ერთად ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.


close დახურვა