შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეები საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ, სადაც ამბობენ, რომ ელექტრონული ფოსტის საშუალებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.
სამინისტროს განმარტებით, შეტყობინებები მოქალაქეებისთვის პოლიციის დეპარტამენტს არ გაუგზავნია.
"საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, დღეს დილიდან იურიდიული და კერძო პირების მიერ არაერთი სატელეფონო ზარი შემოვიდა, მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.
მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში.
ასევე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ", - წერია განცხადებაში.