logo
ENG



შსს: საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აშშ-ის მოქალაქე დავაკავეთ

03 ნოე 202312:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/03/n8dg3x0wlu3q6e8.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოში 2-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აშშ-ის მოქალაქე დააკავეს, რომელიც არაერთი მძიმე დანაშაულისთვის წითელი ცირკულარით იყო ძებნილი.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარი 2023 წლის აპრილში გადმოკვეთა, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

შსს-ის განცხადებით, გამოძიების პროცესში აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური სამსახურის - რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ასევე, ფედერალური გამოძიების ბიურო და აშშ-ის მარშალთა სამსახურის და საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.

"დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა. დაკავების ორდერში ასევე შედის ლუიზიანას შტატის შვიდი ბრალდება: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის ბრალდება 5000$-დან 25000$-მდე", - აცხადებს უწყება.

სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.


close დახურვა