შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 1955 წელს დაბადებულ ნ.ც-ს ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაც ედავებიან. ბრალდებულის დაკავება მომხდარიდან მალევე, თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მოხდა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - გ.მ.-ს, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.