logo
ENG



შსს ბათუმში აფეთქებაზე: ამოღებულია ასაფეთქებლის ნარჩენები, დანიშნულია ექსპერტიზები

14 თებ 202317:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/14/81cgivazucbxd9w.png

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გამოძიების ფარგლებში განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

"საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გამოიცა სპეციალური ცირკულარი, ნავიგაციის უსაფრთხოების ზომების შესახებ. ნავსადგურების კაპიტნებისა და ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის, კომერციული, სატრანსპორტო და სატვირთო გემების, აგრეთვე თევზსაჭერი სეინერების წარმომადგენლების ინფორმირება", - აღნიშნავენ სამინისტროში.

შსს-ს განცხადებით, "რეგიონში არსებული ვითარების გამო", ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა შავი ზღვის მიმდებარე სხვა სახელმწიფოებშიც და მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების შედეგად, შესაძლებელია, მცურავი ნაღმები შემოტანილ იქნას საქართველოს საზღვაო სივრცეში. მათი თქმით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლის გასწვრივ სპეციალური ბარიერები განთავსდება.

გუშინ ბათუმში, ზღვაში აფეთქება მოხდა. ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც აფეთქების ხმა ისმის და კვამლი ჩანს. ადგილობრივების თქმით, აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ არამხოლოდ სანაპირო ზოლზე, არამედ მიმდებარე უბნებშიც გაიგეს. 

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც აფეთქებას გულისხმობს.


close დახურვა