logo
ENG



შსს მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმებს ზრდის

14 ნოე 202510:35
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/14/rtjnoic5iasxq2r.png

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციისთვიის ჯარიმებს ზრდის.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც:

100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.


close დახურვა