logo
ENG



შსს ოცნების ოფისთან შეკრებილებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს

11 ივლ 202116:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/11/4f2a0tbou6jd0yo.png

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების ოფისთან შეკრებილ ოპოზიციონერებს და აქტივისტებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. 

შსს ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტიის ოფისთან შეკრებილები არიან პოლიციელები და "იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს". 

"მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს". - აცხადებს შსს. 

ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე თაზო ახობაძე და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის ნიკა ფარულავა და გიორგი კაპანაძე. 

ქართული ოცნების ოფისში რამდენიმე საათია, უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. 

პარალელურად მმართველი პარტიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მივიდნენ ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და სამოქალაქო აქტივისტები. 

ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია - ბევრად დიდი რაოდენობით, ვიდრე 5 ივნისს, როცა თბილისის ქუჩებში მოძალადეები ჟურნალისტებს ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ. 

აქციაზე მისულმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა ქართული ოცნების მთავრობის გადადგომა მოითხოვეს 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. 


close დახურვა