გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, რუსეთის სასტიკმა აგრესიულმა ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების წესრიგი ფერფლად აქცია.
"24 თებერვალს პუტინმა მხოლოდ წესები არ დაარღვია და თამაში დაასრულა. მან თავად დააგდო ჭადრაკის დაფა იატაკზე!
მისი იმპერიული აკვიატებით, რუსეთის პრეზიდენტმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მიითვისა მიწა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საზღვრები. რუსეთის თავდასხმა არის თავდასხმა ყველა იმ გაკვეთილზე, რომელიც მსოფლიომ ორი მსოფლიო ომიდან ისწავლა," - თქვა გერმანიის პრეზიდენტმა.
შტაინმაიერი ამბობს, რომ პუტინი დამპყრობელ არმიას მეთაურობს, ხოლო უკრაინელები თავიანთ ქვეყანას იცავენ, რომელსაც ოცდაათი წლის წინ აშენებდნენ დამოუკიდებლობის მომენტიდან. მისი თქმით, რუსეთის აგრესიული ომი არის თავდასხმა კანონზე, ძალადობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებზე.
"ეს არის თავდასხმა ყველაფერზე, რასაც ჩვენ, გერმანელებიც ვემხრობით. ვინც მხრებს იჩეჩავს და კითხულობს: რა შუაშია ეს ომი ჩვენთან, გერმანელებთან? არც პასუხისმგებლობის და არც ისტორიის გრძნობა აქვს. ჩვენ, გერმანელები, ასეთი შემართებით ვერ ვიბატონებთ ევროპაში - ეს არასწორია!" - განაცხადა შტაინმაიერმა.
შტაინმაიერი აღნიშნავს, რომ გერმანია უკრაინას მხარს დაუჭერს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. მისი თქმით, ეს მოიცავს სამხედრო მხარდაჭერას - გერმანულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ასევე ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.
25 ოქტომბერს, გერმანიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. ის ასევე იმყოფებოდა ჩერნიგოვის რეგიონში, კორიუკოვკაში ვიზიტის დროს, საჰაერო თავდასხმების გამო შტაინმაიერი იძულებული გახდა ბომბის თავშესაფარში წასულიყო.